ასპინძაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს


2015-06-02

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია და მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით დაბა ასპინძაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის ღირებულება ნახევარ მილიონ ლარზე მეტია. პროექტის განხორციელების შედეგად დაბა ასპინძაში მცხოვრებ 600 ოჯახს გაუუმჯობესდება როგორც წყლის გრაფიკი, ასევე წყლის ხარისხი. მიმდინარე სამუშაოები დღეს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ვლადიმერ ლაზარიშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და მშენებლობის ხარისხი შეამოწმა. 

წყლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის შედეგად დაბა ასპინძის 600-მდე ოჯახს წყლის გრაფიკისა და წყლის ხარისხის პრობლემა მოუგვარდება, კერძოდ, პროექტის განხორციელების შედეგად, დაბა ასპინძაში მნიშვნელოვნად შემცირდება წყლის დანაკარგები და გაუმჯობესდება, როგორც წყლის ხარისხი, ასევე წყლის მიწოდების გრაფიკი. ასპინძის მოსახლეობას ამჟამად ზოგიერთ უბანზე 2-3- საათიანი გრაფიკით მიეწოდება წყალი, ხოლო ზოგიერთზე 10-საათიანი გრაფიკით, პროექტის განხორციელების შედეგად კი 16-24 საათიან რეჟიმში მიიღებენ მაღალი ხარისხის სასმელ წყალს. 
პროექტის განხორციელების შედეგად ასპინძის მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება. სამშენებლო სამუშაოებზე 30 ადამიანზე მეტია დასაქმებული. 
პროექტის ფარგლებში მოხდება 100 მ³ მოცულობის არსებული რეზერვუარის გადახურვა, შეიცვლება ამორტიზებული მაგისტრალური მილსადენი საერთო სიგრძით 4.5 კმ. ამ ეტაპზე უკვე მოწყობილია 1150 მეტრი მილსადენი. ასევე მოხდება გამანაწილებელი ქსელის მშენებლობა /რეაბილიტაცია საერთო სიგრძით 2,768 მ. ასევე მოხდება სადარაჯო ჯიხურის შეკეთება და შემოღობვა . 
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია და მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით მსგავს სამუშაოებს საქართველოს მასშტაბით 24 ქალაქში ახორციელებს. პროექტის საერთო ღირებულება ჯამში 100 მილიონ ლარზე მეტია.




სიახლეები