ქუთაისში წყლის საერთაშორისო დღე აღინიშნა
2016-03-22
22 მარტს მსოფლიო წყლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ქუთაისში სხვადასხვა ღონისძიება გამართა.
ქუთაისში, ახალაშენებული წყლის რეზერვუარის ტერიტორიაზე, მოეწყო ფოტო გამოფენა, სადაც ასახული იყო იმერეთსა და საქართველოს სხვა რეგიონებში, წყალმომარაგების სფეროში მიმდინარე და დასრულებული პროექტები. პარალელურად, ქუთაისის საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით წყლის თემაზე ფოტოკონკურსი ჩატარდა. გამარჯვებულ კონკურსანტებს კომპანიამ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. ასევე, დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები და მოეწყო მობილური ლაბორატორია, რომლის საშუალებითაც ადგილზე მოხდა წყლის სინჯების აღება.
ღონისძიებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი,ასევე, სამინისტროს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, დონორი ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.სტუმრებმა წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტის პირველი ფაზა დაათვალიერეს, რომელიც უკვე დასრულების ეტაპზეა. ასევე, გაეცნენ წყლის სინჯების აღების პროცესს და დაათვალიერეს ფოტო გამოფენა.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია საქართველოს რეგიონებში, დონორი ორგანიზაციებისა და საქართევლოს მთავრობის ფინანსური მხარადჭერით, სასმელი წყლის და წყალარინების სისტემების მოსაწესრიგებლად მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს.
რაც შეეხება ქუთაისს, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პირველი ფაზა, რომელიც უკვე დასრულების ეტაპზეა, აზიის განვითარების ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით მიმდინარეობს. პროექტი 2013 წელს დაიწყო და მისი ღირებულება 30 მილიონ ლარს შეადგენს. გარდა ამისა, ქუთაისში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის მეორე ფაზა ხორციელდება. პროექტის ღირებულება 86 მილიონ ლარზე მეტია. სამუშაოების დასრულების შემდეგ, საბოლოოდ მოწესრიგდება ქუთაისის სასმელი წყლის სისტემები და მოსახლეობა უზრუნველყოფილი იქნება 24 საათიანი წყალმომარაგებით. ამასთან, ქალაქში დაგეგმილია წყალარინების სისტემების მოწესრიგება, რომლისთვისაც, ევროპის საინვესტიციო ბანკმა 100 მილიონი ევრო უკვე გამოყო.