კომპანიის დირექტორის მოადგილედ ტექნიკურ საკითხებში ირაკლი ნაფეტვარიძე დაინიშნა
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორს ახალი მოადგილე ჰყავს.
ირაკლი ნაფეტვარიძე ტექნიკურ მიმართულებას უხელმძღვანელებს.
მას სახელმწიფო სექტორსა და წყალმომარაგების დარგში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია.
მოადგილედ დანიშვნამდე იყო გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მრჩეველი. 2014-2020 წლებში „საქართველოს მელიორაცია“-ში სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოზიცია ეკავა, მათ შორის სამელიორაციო ორგანიზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, წინასაპროექტო კვლევების სამსახურის და სამშენებლო-სარეაბილიტაციო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პოზიციები.
2010-2014 წლებში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში ხელმძღვანელობდა წყალმომარაგებისა და მშენებლობის მიმართულებას, ასევე იყო დირექტორის მოადგილე ოპერირების საკითხებში.
ირაკლი ნაფეტვარიძე 2009 წელს კომპანია „აღმოსავლეთის წყალში’’- დირექტორის მოადგილედ დაინიშნა, სადაც ერთი წლის განმავლობაში ტექნიკურ მიმართულებას კურირებდა.
იგი ხელმძღვანელობდა, არაერთ მნიშვნელოვან მიმართულებას სახელმწიფო სექტორში. მათ შორის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის, ადმინისტრაციული დეპარტამენტის საფინანსო-სამმართველოსა და საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში საფინანსო-სამეურენო სამმართველოს. იყო საქართველოს სახელმწიფოს უშიშროების სამინისტროს საგარეო დაზვერვის საფინანსო-სამეურნეო სამმართველოს უფროსი და საქართველოს სახელმწიფო თავდაცვის სპეციალურ სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე.
ირაკლი ნაფეტვარიძე პროფესიით ჰიდროინჟინერია.