ურეკში წყალმომარაგების მასშტაბური პროექტი დაიწყო


2015-08-17

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ გურიის რეგიონში, კერძოდ ურეკში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა დაიწყო.
პროექტის დაწყებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ნოდარ ჯავახიშვილი, გაერთიანებული წყალმომარგების კომპანიის დირექტორი ნიკოლოზ ქიზიყურაშვილი, აზიის განვითარების ბანკის ადგილობრივი მისიის ხელმძღვანელი ქეით ჯულიანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
პროექტის ფარგლებში, აშენდება წყალმომარაგების 1 და წყალარინების 31 სატუმბი  სადგური,  2 ახალი რეზერვუარი და წყალარინების  ქსელი (საერთო სიგრძე 70 კმ), ასევე დამონტაჟდება წყალმომარაგების ჭაბურღილები. 
ურეკში წლების განმავლობაში არ არსებობდა წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ,  მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს. პროექტის ფარგლებში  300 - მდე ადამიანი დასაქმდება.
სამშენებლო სამუშაოები აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება.  პროექტი, რომლის ღირებულებაც - 60 მილიონ ლარზე მეტია,  2017 წლის შემოდგომაზე დასრულდება.  
 




სიახლეები