გაუმჯობესებული წყალმომარაგება ბოლნისის მოსახლეობას


2015-07-29

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია და მუნიციპალური განვითარების ფონდი, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით  ბოლნისში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის  დასრულების შემდეგ ბოლნისის მოსახლეობა დღეში 7-8 საათიანი წყალმომარაგების გრაფიკის ნაცვლად,18-24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. მიმდინარე სამუშაოები დღეს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ნიკოლოზ ქიზიყურაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და მშენებლობის ხარისხი შეამოწმა. 
წყლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის შედეგად ბოლნისში მცხოვრებ 3 ათასამდე ოჯახს, 10 ათასზე მეტ ადამიანს წყლის გრაფიკისა და წყლის ხარისხის პრობლემა მოუგვარდება, კერძოდ, პროექტის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება, როგორც წყლის ხარისხი, ასევე წყლის მიწოდების გრაფიკი. პროექტის ფარგლებში მოხდება 500მ3 მოცულობის 2 არსებული რეზერვუარის რეაბილიტაცია, მაგისტრალური მილსადენისა და გამანაწილებელი ქსელის მშენებლობა-რეაბილიტაცია. პროექტი, რომლის ფარგლებშიც 40 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდა 2016 წელს დასრულდება და მისი ღირებულება 4 მილიონ ლარზე მეტია. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია და მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით მსგავს სამუშაოებს საქართველოს მასშტაბით 24 ქალაქში ახორციელებს. პროექტის საერთო ღირებულება ჯამში 100 მილიონ ლარზე მეტია.
 




სიახლეები