თეთრიწყაროს 2000 ოჯახი გაუმჯობესებული წყალმომარაგებით ისარგებლებს


2015-07-24

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ და მუნიციპალური განვითარების ფონდმა ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით თეთრწყაროში (ქვემო ქართლი)  წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტია. მისი დასრულების შემდეგ თეთრიწყაროს მცხოვრები 2000 ოჯახი გაუმჯობესებული წყალმომარაგებით ისარგებლებს, ამასთანავე  შემცირდება წყლის დანაკარგებიც. მიმდინარე სამუშაოები დღეს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ნიკოლოზ ქიზიყურაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და მშენებლობის ხარისხი შეამოწმა. 
წყლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის შედეგად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში  მცხოვრებ 2000 ოჯახს 8 ათასზე მეტ ადამიანს წყლის გრაფიკისა და წყლის ხარისხის პრობლემა მოუგვარდება, კერძოდ, პროექტის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდება წყლის დანაკარგები და გაუმჯობესდება, როგორც წყლის ხარისხი, ასევე წყლის მიწოდების გრაფიკი. პროექტის ფარგლებში მოხდება:  ქალაქის შიდა გამანაწილებელი ქსელების ამორტიზებული მონაკვეთების რეაბილიტაცია, წყალსადენის ჭებითა და ჩამკეტ-მარეგულირებელი არმატურით, არსებული საქლორატორო შენობა ნაგებობის რეაბილიტაცია და რეზერვუარების დამაკავშირებელი მილსადენის რეაბილიტაცია. პროექტი, რომლის ფარგლებშიც 30 ადამიანი დასაქმდა 2016 წლის დასაწყისში დასრულდება.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია და მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით მსგავს სამუშაოებს საქართველოს მასშტაბით 24 ქალაქში ახორციელებს. პროექტის საერთო ღირებულება  ჯამში 100 მილიონ ლარზე მეტია.
 

  

 




სიახლეები