გაუმჯობესებული წყალმომარაგება წალკის მოსახლეობას


2015-07-22

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ და მუნიციპალური განვითარების ფონდმა ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით წალკაში (ქვემო ქართლი)  წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის ღირებულება 3 მილიონ ლარზე მეტია. მისი დასრულების შემდეგ წალკაში მცხოვრები 1200 ოჯახი 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. მიმდინარე სამუშაოები დღეს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ნიკოლოზ ქიზიყურაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და მშენებლობის ხარისხი შეამოწმა. 
წყლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის შედეგად წალკის მუნიციპალიტეტში  მცხოვრებ 1200 ოჯახს 5000 - მდე ადამიანს წყლის გრაფიკისა და წყლის ხარისხის პრობლემა მოუგვარდება, კერძოდ, პროექტის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდება წყლის დანაკარგები და გაუმჯობესდება, როგორც წყლის ხარისხი, ასევე წყლის მიწოდების გრაფიკი. პროექტის ფარგლებში მოხდება: სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია, სანიაღვრე კოლექტორისა და საქლორატოროს მოწყობა, 2 ახალი რეზერვუარის მშენებლობა,  მაგისტრალური მილსადენის მშენებლობა/რეაბილიტაცია და გამანაწილებელი ქსელის ნაწილობრივი რეაბილიტაცია.პროექტი, რომლის ფარგლებშიც 20 ადამიანი დასაქმდა 2016 წელს დასრულდება.                                                                          
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია და მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით მსგავს სამუშაოებს საქართველოს მასშტაბით 24 ქალაქში ახორციელებს. პროექტის საერთო ღირებულება  ჯამში 100 მილიონ ლარზე მეტია.
 
 




სიახლეები