თერჯოლაში მცხოვრები 1600 ოჯახი გაუმჯობესებული წყალმომარაგებით ისარგებლებს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ და მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით თერჯოლაში (იმერეთი) წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის ღირებულება 2 მილიონ ლარამდეა. მისი დასრულების შედეგად თერჯოლაში მცხოვრები 1600 ოჯახი სტაბილური წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. მიმდინარე სამუშაოები დღეს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ნიკოლოზ ქიზიყურაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და მშენებლობის ხარისხი შეამოწმა.
წყლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის შედეგად თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 1600 ოჯახს, 6 ათასზე მეტ ადამიანს წლების განმავლობაში არსებული წყალმომარაგების პრობლემა მოუგვარდება, კერძოდ პროექტის დასრულების შემდეგ გაუმჯობესდება, როგორც წყლის ხარისხი, ასევე წყლის მიწოდების გრაფიკი. პროექტის ფარგლებში მოხდება გამანაწილებელი ქსელის მშენებლობა/რეაბილიტაცია საერთო სიგრძით 29 კმ. პროექტი, რომლის ფარგლებშიც 40 ადამიანი დასაქმდა 2016 წელს დასრულდება.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია და მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით მსგავს სამუშაოებს საქართველოს მასშტაბით 24 ქალაქში ახორციელებს. პროექტის საერთო ღირებულება ჯამში 100 მილიონ ლარზე მეტია.