თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი ლაბორატორია


2015-06-25

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, ეკა სეფაშვილმა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ნიკოლოზ ქიზიყურაშვილმა და აზიის განვითარების ბანკის კოორდინატორმა, სან ჯეი ჯოშმა, უახლესი სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი, წყლის ხარისხის მაკონტროლებელი ცენტრალური ლაბორატორია გახსნეს.გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ცენტრალური ლაბორატორია კოორდინაციას და კონტროლს გაუწევს რეგიონის ლაბორატორიებს და რეგულარულად გააკონტროლებს რეგიონების წყლის ხარისხს. ახალი ლაბორატორიის საშუალებით შესაძლებელი გახდება, რეგიონების წყლის ხარისხის კომპლექსური კვლევების ჩატარება ეროვნული და ISO სტანდარტების შესაბამისად. ლაბორატორია წყლის ხარისხის ისეთ პარამეტრებზე და მაჩვენებლებზე უზრუნველყოფს კვლევების ჩატარებას, რომლებიც შესაბამისი აპარატურის უქუნლობის გამო აქამდე არ ჩატარებულა. ლაბორატორიაში განხორციელდება წყლის ხარისხის კომპლექსური კვლევა სანიტარულ-ტოქსიკოლოგიური მაჩვენებლების, ლიმიტირებული მძიმე მეტალების, ორგანული ნაერთების (პესტიციდების, ნავთობ პროდუქტების) და სხვა 50 -ზე მეტი პარამეტრის მიხედვით. 
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ლაბორატორია, საქართველოს ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის სესხის მესამე ტრანშით შეიძინა.  მისი ღირებულება 1 მილიონ 300 ათასი ლარია, უახლოეს მომავალში ლაბორატორია ISO 17025 სტანდარტის შესაბამისი აკრედიტაციის მოპოვებას გეგმავს.
 




სიახლეები