ჭიათურაში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა მიმდინარეობს
ქალაქ ჭიათურაში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. პროექტს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებს. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს 36 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.
პროექტის მიმდინარეობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ილია ბეგიაშვილი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტრთან, ეკატერინე გალდავასთან და ადგილობრივი ხელისფულების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
ჭიათურაში არსებული წყლის ინფრასტრუქტურა მოძველებულია, რის გამოც მოსახლეობას წყალი წლებია შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება.
პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა სატუმბ სადგურსა და რეზერვუარს, მოეწყო წყლის სათავე ნაგებობა, ჭაბურღილები და წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელი, აშენდა საქლორატორო სადგური და რეზერვუარები.
სამუშაოების დასრულების შედეგად, ქალაქში, წყალმომარაგების კუთხით, წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოგვარდება და ჭიათურის მოსახლეობა 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით შეძლებს სარგებლობას.