ახალციხეში მცხოვრები 600 ოჯახი 24-საათიან წყალმომარაგებას მიიღებს


2015-05-17

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია და მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ახალციხის მუნიციპალიტეტში  წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის ღირებულება 2 მილიონ ლარამდეა. მისი განხორციელების შედეგად ახალციხეში მცხოვრებ 600 ოჯახს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება. ამასთანავე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება წყლის ხარისხი და შემცირდება წყლის დანაკარგი. მიმდინარე სამუშაოები დღეს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ვლადიმერ ლაზარიშვილმა ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანიის „ასნაფი“-ს პროექტის ხელმძღვანელთან ერთად დაათვალიერა და მშენებლობის ხარისხი შეამოწმა.

წყლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის შედეგად ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 600 ოჯახის 2 ათასზე მეტ ადამიანს წყლის გრაფიკისა და წყლის ხარისხის პრობლემა მოუგვარდება, კერძოდ, პროექტის განხორციელების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდება წყლის დანაკარგები და გაუმჯობესდება, როგორც წყლის ხარისხი, ასევე წყლის მიწოდების გრაფიკი. ახალციხის მოსახლეობის დიდ ნაწილს, კერძოდ, 600 ოჯახს ამჟამად წყალი გრაფიკით მიეწოდება, ხოლო პროექტის დასრულების შემდეგ 10-12 საათიანი გრაფიკი 24-საათიანი წყალმომარაგებით შეიცვლება. პროექტის განხორციელების შედეგად ახალციხის მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება. პროექტის ფარგლებში მოხდება:  800 მ³ მოცულობის რეზერვუარის რეაბილიტაცია, ასევე  გამანაწილებელი ქსელის მშენებლობა და რეაბილიტაცია საერთო სიგრძით 17,961 მ. სამშენებლო სამუშაოებზე 40 ადამიანზე მეტია დასაქმებული.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია და მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით მსგავს სამუშაოებს საქართველოს მასშტაბით 24 ქალაქში ახორციელებს. პროექტის საერთო ღირებულება  ჯამში 100 მილიონ ლარზე მეტია.

 

 




სიახლეები