მარნეულში სასმელი წყლის რაციონალურად გამოყენების მნიშვნელობაზე იმსჯელეს
ურბანული სერვისების გაუმჯობესების პროგრამის ფარგლებში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით, წყლის მოხმარების თემაზე საინფორმაციო შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად, მორიგი შეხვედრა მარნეულის მოსახლეობასთან გაიმართა, სადაც სასმელი წყლის რაციონალირად გამოყენების აუცილებლობასა და წყალმომარაგების სექტორში ქალის როლის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.
მსოფლიოს მასშტაბით, 1,7 მილიარდი ადამიანი განიცდის სასმელი წყლის ნაკლებობას და მოსახლეობის ¼ -ს არ აქვს წვდომა წყალმომარაგების ცენტრალიზებულ ინფრასტრუქტურასთან.
კამპანიის მიზანია რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება - რამდენად აუცილებელია სასმელი წყლის რაციონალურად გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში.
შეხვედრის მონაწილეებმა წყალმომარაგების სექტორში გენდერული ასპექტების ინტეგრირების საკითხები, ამ მიმართულებით არსებული ეროვნული და საერთაშორისო სხვადასხვა ვალდებულებაც განიხილეს.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებმა ბენეფიციარებს მარნეულში მიმდინარე წყლის სისტემის მშენებლობის პროექტიც გააცნეს. სამუშაოების დასრულების შემდეგ წყალმომარაგების არსებული პრობლემა საბოლოოდ აღმოიფხვრება და ქალაქ მარნეულისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფლის მოსახლეობას, ჯამში 31 700-მდე ადამიანს, 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება.
პროექტს აზიის განვითარების ბანკი 150 000 000 ლარით აფინანსებს, სამუშაოების დასრულება 2021 წლის გაზაფხულზე არის დაგეგმილი.