ბოლნისის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად, ბოლნისის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს, პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით მიმდინარეობს და მისი ღირებულება 4 მილიონ ლარზე მეტია. სამუშაოების განხორციელების შედეგად, ბოლნისის მოსახლეობა, კერძოდ 10 ათასამდე ადამიანი ნაცვლად არსებული 10 საათიანი გრაფიკისა, წყალს 18-დან 24 საათიან რეჟიმში მიიღებს. ამასთანავე გაუმჯობესდება წყლის ხარისხი. დღეს მიმდინარე სამუშაოები საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ვლადიმერ ლაზარიშვილმა, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ილია დარჩიაშვილმა, ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს. პროექტის ფარგლებში მოხდება 500მ3 მოცულობის 2 რეზერვუარის და დაზიანებული სახურავების შეცვლა, ტერიტორიაზე არსებული კომუნიკაციების სრული რეკონსტრუქცია და ახალი საქლორატოროს მშენებლობა. ამასთანავე მოხდება არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების (13 კორპუსი) გამრიცხველიანება და ტანძია–ბოლნისის მაგისტრალური მილსადენის რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში სამუშაოებზე 25 ადამიანია დასაქმებული და მათი ძირითადი ნაწილი ადგილობრივი მოსახლეა.