კურორტ აბასთუმნის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის I ეტაპის სამუშაოები სრულდება
საკურორტო ზონებში წყლის ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. დასრულების ფაზაშია კურორტ აბასთუმნის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის I ეტაპის სამუშაოები.
მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ილია ბეგიაშვილი და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ეკატერინე გალდავა დაბა აბასთუმანში წყლის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
აბასთუმანში წყალმომარაგების არსებული ინფრასტრუქტურა მოძველებული იყო და რეაბილიტაციას საჭიროებდა, სეზონურად ფიქსირდებოდა წყლის მღვრევის ფაქტები, რის გამოც მოსახლეობას წყალი შეფერხებით მიეწოდებოდა. მიმდინარე პროექტის დასრულების შემდეგ, არსებული პრობლემები აღმოიფხვრება და მოსახლეობას წყლის მიწოდება გაუუმჯობესდება.
სამუშაოების ფარგლებში მოეწყო წყლის სათავე ნაგებობები, მაგისტრალური მილსადენები და წყლის გამწმენდი ნაგებობა. ასევე, აშენდა რეზერვუარები და რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებულ რეზერვუარებს.
პროექტი 3,727,121.97 ლარით ფინანსდება. სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.
პირველი ეტაპის სამუშაოების პარალელურად, უკვე მიმდინარეობს კურორტ აბასთუმნის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობის (II ეტაპი) და არაზინდოს დასახლების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია. აღნიშნული პროექტი მომავალი წლის შემოდგომაზე უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც, მოსახლეობას და კურორტზე ჩასულ დამსვენებლებს უწყვეტი წყალმომარაგება ექნებათ.