ხობის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია


2015-02-03

„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ და „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი“, ქალაქ ხობში  მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს, რომლის შედეგად ქალაქის 6 500 მაცხოვრებელი წყალმომარაგების 16 საათიანი გრაფიკის ნაცვლად,ხარისხიან წყალს 24 საათიან, უწყვეტ რეჟიმში მიიღებს. 
მიმდინარე სამუშაოები დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის  მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ამაშუკელმა და  „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის”  დირექტორმა ვლადიმერ ლაზარიშვილმა დაათვალიერეს.პროექტის ფარგლებში  განახლდება წყალმომარაგების სისტემა, მოხდება სათავე ნაგებობისა და ჭაბურღილების სრული რეაბილიტაცია და გამოიცვლება ქალაქის ქსელის ამორტიზებული მილები. ქალაქ ხობის წყალსადენის ქსელის ძირითადი ნაწილი დღეისათვის ამორტიზებულია, რეაბილიტაციას საჭიროებს სატუმბი სადგურიც. დაბალი წნევის გამო, გართულებულია მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში მაღალ სართულებზე წყლის მიწოდება. აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად ეს პრობლემაც  გადაიჭრება.“საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ და საქართველოს “მუნიციპალური განვითარების ფონდი”  წყალომომარაგების სისტემის რეაბილიტაციას, ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის დასრულება მიმდინარე წლის ოქტომბერშია დაგეგმილი. სამუშაოებზე 22 ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმეტესობა ადგილობრივი მოსახლეა.
 




სიახლეები