ჭიათურაში სასმელი წყლის რაციონალურად გამოყენების მნიშვნელობაზე იმსჯელეს


2019-09-24

ჭიათურაში მცხოვრებ ქალბატონებთან შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანსაც “ქალის როლი წყალმომარაგების სექტორში და სასმელი წყლის რაციონალურად გამოყენების მნიშვნელობა’’ წარმოადგენდა.

საინფორმაციო კამპანიას, ურბანული სერვისების გაუმჯობესების პროგრამის ფარგლებში, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით ახორციელებს.

მსოფლიოს მასშტაბით, 1,7 მილიარდი ადამიანი განიცდის სასმელი წყლის ნაკლებობას და მოსახლეობის ¼ -ს არ აქვს წვდომა წყალმომარაგების ცენტრალიზებულ ინფრასტრუქტურასთან.

კამპანიის მიზანია რეგიონებში მცხოვრები ქალების ცნობიერების ამაღლება - რამდენად აუცილებელია სასმელი წყლის რაციონალურად გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში.

შეხვედრის მონაწილეებმა წყალმომარაგების სექტორში გენდერული ასპექტების ინტეგრირების საკითხები, ამ მიმართულებით არსებული ეროვნული და საერთაშორისო სხვადასხვა ვალდებულებაც განიხილეს.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებმა ბენეფიციარებს ჭიათურაში მიმდინარე პროექტი გააცნეს, რომლის დასრულების შემდეგაც ქალაქში არსებული წყალმომარაგების პრობლემა საბოლოოდ აღმოიფხვრება და 20 000-მდე ადგილობრივი 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს. სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი 36,631,493 ლარით აფინანსებს და მისი დასრულება მიმდინარე წლის ბოლოს არის დაგეგმილი.




სიახლეები