ოზურგეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება
ოზურგეთში ძლიერი სტიქიის შედეგად წყლის სათავე ნაგებობა დაზიანდა. პრობლემის მოსაგვარებლად ადგილზე მობილიზებულია საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების საავარიო ბრიგადები და ექსპლუატაციის სამსახური, რომლებიც ასრულებენ სალიკვიდაციო, ამოტუმბვით და აღდგენით სამუშაოებს, სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია აგრეთვე მძიმე და სპეცტექნიკა. სასიცოცხლო ობიექტებს წყალი ცისტერნებით მიეწოდებათ. ოზურგეთის სოფელ ნარუჯაში წყალმომარაგება დღის ბოლომდე აღდგება, ხოლო აქტიური სამუშაოები გაგრძელდება მანამ, სანამ სტიქიის ზონაში მცხოვრებ დანარჩენ მოსახლეობას წყლის მიწოდება სრულად არ აღუდგება. გურიის რეგიონში სტიქიის ადგილას იმყოფება და არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით შავლიაშვილი, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური დირექტორი ლევან ვაშაკიძე, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, ვაჟა ფანჩულიძე და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო შტაბის წევრები. აქტიური აღდგენითი სამუშაოების შედეგად, ოზურგეთის მოსახლეობას სასმელი წყალი, ჩვეულ 24 საათიან რეჟიმში სავარაუდოთ ხვალ, საღამოს საათებში აღუდგებათ.