წყლის ინფრასტრუქტურულ მშენებლობაზე 19 მილიონი დოლარი დაიხარჯება


2014-09-22

დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში  შ.პ.ს. „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა“ და კონტრაქტორ კომპანიას (ერთობლივი საწარმო „Pfeiffer“ - გერმანია და „Protechno“ - იტალია) შორის, ხელი მოეწერა ხელშეკრულებას მესტიაში სასმელი წყლის გამწმენდი და ანაკლიაში ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობის შესახებ.

ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ ცაბუტაშვილმა, Pfeiffer-ის რეგიონალურმა მენეჯერმა, სლობოდან ფილიპოვიჩმა და Protechno-ს წარმომადგენელმა საქართველოში, გიორგი ჟვანიამ.

ხელშეკრულების მნიშვნელობა შეაფასეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შავლიაშვილმა და აზიის განვითარების ბანკის ადგილობრივი მისიის ხელმძღვანელმა, ქეით  ჯულიანმა. 

დღეს ხელმოწერილი ხელშეკრულება ითვალისწინებს მესტიაში სასმელი წყლის გამწმენდი და ანაკლიაში ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების პროექტირებასა და მშენებლობას. პროექტის განხორციელების ვადა ორი წელია, ღირებულება კი - 19,284,052.58 აშშ დოლარი. პროექტირებასა და მშენებლობას აზიის განვიტარების ბანკი აფინანსებს.

კონტრაქტორი კომპანია გამოვლინდა საერთაშორისო ტენდერის საფუძველზე, რომელიც  აზიის განვითარების ბანკის პროცედურების შესაბამისად მიმდინარეობდა.

ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობა ანაკლიაში, რომლის მშენებლობასაც დღეს ხელმოწერილი კონტრაქტი ითვალისწინებს, მნიშვნელოვანი პროექტია. ის სრულად უზრუნველყოფს გარემოს დაცვას დაბინძურებისგან. ჩამდინარე წყლების გაწმენდა განხორციელდება თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამისად.

პროექტის დასრულების შემდეგ, როგორც ანაკლიაში, ისე მესტიაში მნიშვნელოვნად გაიზრდება ტურისტების რაოდენობა. მხარეში განხორციელებული ეს ინვესტიცია ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკის განვითარებას, რაც თავის მხრივ მიმზიდველი იქნება აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობისთვის.

 

 




სიახლეები