დაბა ადიგენში წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს
რეგიონებში წყლისა და კანალიზაციის ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ეკატერინე გალდავამ ამჯერად, სამცხე -ჯავახეთის რეგიონში მიმდინარე პროექტები მოინახულა. კომპანიის ხელმძღვანელმა დაბა ადიგენში წყლის სისტემის მშენებლობა დაათვალიერა და სამუშაოების ტემპს ადგილზე გაეცნო.
პროექტის ფარგლებში აშენდება წყლის სათავე ნაგებობა, მოეწყობა რეზერვუარები და წყალმომარაგების ქსელი. ასევე, მოხდება აბონენტების ინდივიდუალური გამრიცხველიანება. შედეგად, 1000-მდე ადამიანი გამართული ინფრასტრუქტურითა და სტაბილური წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
დაბაში ათეული წლებია წყალმომარაგების ქსელი ამორტიზებულია, არსებული წყლის სათავე ნაგებობა და რეზერვუარები რეაბილიტაციას საჭიროებს. წყლის სათავე ნაგებობაზე ხშირია წყლის ამღვრევის ფაქტები, რის გამოც მოსახლეობას წყალი შეფერხებით მიეწოდება.
პროექტი 2020 წლის ზაფხულში დასრულდება. სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 665 557 ლარია გამოყოფილი.