ოზურგეთში 30 ათას მოქალაქეს წყალმომარაგების მიწოდების პრობლემა მოუგვარდა


2014-06-29

სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის რეგიონში - გიორგი ჩხაიძემ, მუნიციპალური  განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თორნიკე თორაძემ, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა არჩილ ცაბუტაშვილმა და მისმა მოადგილე გიორგი კობერიძემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში  წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.  საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  30 ათას  მოქალაქეს  წყალმომარაგების პრობლემა  მოუგვარა.  წყლის სისტემის რეაბილიტაცია, რომელიც  ოზურგეთში  წლებია  არ  განხორციელებულა,   ფონდმა  ევროპის საინვესტიციო ბანკის  დაფინანსებით   განახორციელა. პროექტის ღირებულება  2,653,428.70 ლარია.  რეაბილიტაციის შედეგად ნაცვლად 8 საათიანი გრაფიკისა , მოსახლეობას წყალი 14 საათიან რეჟიმში მიეწოდება. ამასთან გარანტირებული იქნება წყლის ხარისხი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების  დასრულების  შემდეგ  ობიექტი  ექსპლუატაციაში  საქართველოს გაერთიანებული  წყალმომარაგების კომპანიას  გადაეცემა. ოზურგეთის წყალმომარაგების  სისტემის რეაბილიტაციის დასრულების  შედეგად მთლიანად ქალაქ ოზურგეთის მოსახლეობას  გაუუმჯობესდა წყლის მიწოდების ხარისხი.  აქამდე მოსახლეობას წყალი  გრაფიკით  მიეწოდებოდა. რეაბილიტაციის დასრულების შედეგად კი გრაფიკის დრო მინიმუმამდე შემცირდება.  მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა წყლის ხარისხი.  ასევე მოხდება წყლის დაქლორვა და „სკადას“  სისტემის მეშვეობით  წყლის ხარისხის კონტროლი მუდმივ რეჟიმში.  აქამდე  ოზურგეთის მოსახლეობა  დაბალი ხარისხის  გაუფილტრავ  სასმელ  წყალს  იღებდა და იმასაც შეზღუდული გრაფიკით. 
მნიშვნელოვანია,  რომ  საქართველოს  მუნიციპალური  განვითარების  ფონდი  გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან ერთად წლის  ბოლოს ოზურგეთის   წყალსადენი  სისტემის  რეაბილიტაციის  მეორე  ეტაპის  განხორციელებას დაიწყებს. ამის  შედეგად კიმოსახლეობისთვის  გრაფიკის  სრულად  მოხსნა  მოხდება.  ასევე  დაიზოგება  ელექტროენერგია,  ვინაიდან  ტუმბოების  24  საათიან  რეჟიმში  მუშაობა აღარ იქნება საჭირო. ოზურგეთის გარდა წყლის სისტემის გაუმჯობესება საქართველოს 28 ქალაქში მოხდება.
პროექტის განხორციელების განმავლობაში ობიექტზე 60 ადამიანი იყო დასაქმებული.
წყალსადენი სისტემის რეაბილიტაციის ფარგლებში აშენდა თანამედროვე საქლორატოროს შენობები, მთლიანად გამოიცვალა სატუმბი სადგურის ტერიტორიაზე გარე და შიდა კომუნიკაციები. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ელექტრომომარაგების სისტემას, დამონტაჟდა ახალი ტრანსფორმატორი, მოხდა სამივე სათავე ნაგებობის შემოღობვა. დამონტაჟდა ,,სკადა“ სისტემა, რაც საგრძნობლად აადვილებს წყალსადენის ქსელის კონტროლს და ოპერირებას 
ამასთან, სამუშაოების პირველი ეტაპის განხორციელების დროს  წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით ქალაქი დაიყო 4 სექტორად, რისთვისაც დამატებით მოეწყო 36 სარეგულაციო ჭა ურდულებითა და წნევის რეგულატორებით.  სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა ქალაქის 3 სატუმბ სადგურზე.  #1   სატუმბ  სადგურზე დამონტაჟდა 3 ტუმბო-აგრეგატი წარმადობით 365 მ3/სთ. #2 სატუმბ  სადგურში 2 ტუმბო-აგრეგატი წარმადობით 160 მ3/სთ და #3 სატუმბ  სადგურში 2 ტუმბო-აგრეგატი წარმადობით 120 მ3/სთ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გარდა წყალსადენი სისტემის რეაბილიტაციისა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაფინანსებით  მდინარე ბჟუჟის კალაპოტში წყალსადენის დრენაჟებზე და მაგისტრალურ წყალსადენზე ნაპირსამაგრი  სამუშაოები განხორციელდა. სამუშაოების საერთო ღირებულება 493 000 ლარია.  ნაპირდამცავი გაბიონების კედლების მოწყობის და მდინარე ბჟუჟის ძველ კალაპოტში დაბრუნების შემდეგ დაცული იქნება წყალსადენის დრენაჟები და მაგისტრალური წყალსადენი, რაც  წყლის დებეტზე და ხარისხზეაისახება.
 




სიახლეები