არჩილ ცაბუტაშვილი რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს


2014-02-08

 „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ გენერალურმა დირექტორმა არჩილ ცაბუტაშვილმა და კომპანიის ხელმძღვანელებმა საქართველოს ორ რეგიონში- მცხეთა-მთიანეთში და შიდა ქართლში რეგიონების გუბერნატორებთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართეს. 
მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გუბერნატორთან ნუგზარ ყიფიანთან არჩილ ცაბუტაშვილის შეხვედრას ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები და მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე დაესწრო. 
შეხვედრაზე განიხილეს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ რეგიონში დაგეგმილი პროექტები და ის პრობლემატური საკითხები, რომელიც წყალმომარაგების სფეროში რეგიონისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია .
არჩილ ცაბუტაშვილის განმარტებით, მიმდინარე წელს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მცხეთა-მთიანეთის რეგიონში რამდენიმე ქალაქის წყალმომარაგების სარეაბილიტაციო პროექტების განხორციელებას გეგმავს მათ შორის: ქალაქ დუშეთში, თიანეთში. ფასანაურში და დაბა სტეფანწმინდაში. 
სამუშაო შეხვედრაზე გორში, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები ძირითადად იმ სოფლების ბედით დაინტერესდნენ, რომლებიც არ იმყოფება გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ბალანსზე, კომპანიის წარმომადგენლებმა გამგებლებს ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს. რაც შეეხება კომპანიის გეგმებს ამ რეგიონში, არჩილ ცაბუტაშვილის თქმით კომპანია მიმდინარე წელს გეგმავს განახორციელოს ქალაქ ხაშურის წყალმომარაგების რეაბილიტაციის პროექტი, რომლის ხანგრძლივობა 22 თვეა, შედეგი კი ხაშურის მოსახლეობა 24 საათიან წყალმომარაგება იქნება, ასევე, ცაბუტაშვილის თქმით იგეგმება ქალაქ ქარელის შიდა გამანაწილებელი ქსელების რეაბილიტაცია. 
„უაღრესად მნიშვნელოვანია ადგილობრივმა გამგებლებმა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა მაქსიმალურად მიაწოდონ მოსახლეობას ინფორმაცია იმ სამუშაოებთან დაკავშირებით, რომელსაც „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ჩვენს რეგიონში გეგმავს - აღნიშნა შეხვედრაზე შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა. 
2014 წელს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია წყალმომარაგების სფეროში სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს 28 ქალაქში ჩაატარებს, რისთვისაც ევროპის საინვესტიციო ბანკი 40 მილიონ ევროს გამოყოფს.




სიახლეები