წყლის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგელბში სტუ-ს სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩატარდება


2019-03-21

22 მარტს, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ეკატერინე გალდავა   ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექციას გამართავს. კომპანიის გადაწყვეტილებით წყალმომარაგება-წყალარინების სპეციალობაში მაღალი აკადემიური მოსწრების ორი სტუდენტი, დასაქმების პერსპექტივით, კომპანიაში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლის.

კომპანიის მენეჯმენტი წყალმომარაგების, საინჟინრო და სამშენებლო დარგის მიმართულების სტუდენტებს კომპანიის საქმიანობასა და პრიორიტეტებს გააცნობს. ეკატერინე გალდავა ლექციის მსვლელობისას წყლის რესურსის დაცვის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე, რეგიონებში წყლის ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრებს. ასევე, სტუდენტები წყლის რესურსებთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და მსოფლიოში არსებულ საუკეთესო პრაქტიკას გაეცნობიან. მიიღებენ ინფორმაციას იმის შესახებ,   თუ როგორ ხდება საქართველოში წყალმომარაგების სექტორში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება. სტუდენტებისთვის საინტერესო კითხვებს კომპანიის დირექტორის მოადგილეები და შესაბამისი დეპარტამენტის უფროსები უპასუხებენ.




სიახლეები