აზიის განვითარების ბანკმა საქართველოში წყალმომარაგების გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში 98 მილიონიანი (აშშ დოლარი) ტრანში დაამტკიცა.


2013-12-09

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოში წყალმომარაგების  გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში მესამე ტრანში 98 მილიონი ა.შ.შ. დოლარია დაამტკიცა.

დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი არჩილ ცაბუტაშვილი აზიის განვითარების ბანკის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მესამე ტრანშის ფარგლებში გათვალისწინებული სამუშაოები განიხილეს.

III ტრანშის ფარგლებში დაფინანსდება ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები და ურეკის წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემების მშენებლობა. III ტრანში ასევე ითვალისწინებს ინვენტარის შეძენას, კერძოდ კანალიზაციის საწმენდ მანქანას და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისთვის ლაბორატორიულ აღჭურვილობას. 

ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის პროექტის ფინანსური სახსრები გაყოფილია ორ ეტაპად. III ტრანშიდან დაფინანსებული იქნება ქუთაისის სარეაბილიტაციო სამუშაოების მე-2 ფაზა. ორივე ფაზის შედეგად  შემცირდება წყლის დანაკარგი, ვინაიდან ყველა ძველი მილი გამოიცვლება.

II ფაზის მთავარი მიზანია რეზერვუარების და სატუმბი სადგურების მშენებლობა. რეზერვუარების მშენებლობა შეამცირებს გაჟონვებს, გააუმჯობესებს წყლის ხარისხს და გაზრდის მომხმარებელთა დღიურ წყალმომარაგებას. რაც შეეხება სატუმბ სადგურებს, დაგეგმილია ტუმბოების  თავიანთი წარმადობით ამუშავება და საოპერაციო ხარჯების შემცირება. მომავალში ასევე დაგეგმილია მაგისტრალური გადამცემების, გამანაწილებელი მილების და სახლების დაერთებების შეცვლა და დაგრძელება. ეს სამუშაოები ასევე დაეხმარება  გაჟონვების შემცირებას, წყლის ხარისხის გაუმჯობესებას და დღიური წყალმომარაგების გაზრდას. წყლის ხარჯის კონტროლისთვის დაგეგმილია ქალაქში მრიცხველების მონტაჟი. პროექტის დასრულების შემდეგ ქუთაისში  24 საათიანი წყალმომარაგება იქნება.

III ტრანშის ფარგლებში ასევე დაფინანსდება ურეკის წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემების მშენებლობა. ამჟამად, ურეკის და შეკვეთილის მოსახლეობა სარგებლობენ ჭებით. ურეკში და შეკვეთილში არ არსებობს საკანალიზაციო სისტემა. ამ პროექტით წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელი მოამარაგებს ყველა სასტუმროს და საცხოვრებელ ზონას ურეკში და შეკვეთილში.  პაკეტი ითვალისწინებს ჭაბურღილების, რეზერვუარების, სატუმბი სადგურის, მაგისტრალური გადამცემის და გამანაწილებელი ქსელის მშენებლობას, რომელიც 2015 წელს დაიწყება. პროექტის  დასრულების შემდეგ  ურეკისა და შეკვეთილის მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

 

 




სიახლეები