ზაფხულისთვის კურორტი აბასთუმანი დამსვენებლებს სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველყოფს
საკურორტო ზონებში წყლის ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით სამუშაოები აქტიურად გრძელდება. ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას მონიტორინგს, გარეთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ეკატერინე გალდავა, შესაბამის სამსახურებთან ერთად სისტემატურად უწევს. ამჯერად, კომპანიის ხელმძღვანელი აბასთუმანში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
ზაფხულის სეზონისთვის კურორტის სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად სამუშაოების პირველი ეტაპი აქტიურად მიმდინარეობს. პროექტს, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს. სამუშაოები აგვისტოში დასრულდება, რის შემდეგაც ადგილობრივები და იქ ჩასული დამსვენებლები უწყვეტი სასმელი წყლით ისარგებლებენ.
სეზონურად კურორტზე, მოძველებული ინფრასტრუქტურის გამო, წყალი ხშირად იმღვრეოდა, რის გამოც აბასთუმანს წყალი შეფერხებით მიეწოდებოდა. მიმდინარე პროექტი ითვალისწინებს სათავე ნაგებობის, მაგისტრალური მილსადენისა და წყლის გამწმენდი ნაგებობის მოწყობას, ასევე დაგეგმილია ახალი და არსებული რეზერვუარების მშენებლობა-რეაბილიტაცია. სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3.727.121 ლარია გამოყოფილი.