ქვემო ქართლის რეგიონში წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების მშენებლობა მიმდინარეობს
გარდაბნის მუნიციპალიტეტში ხუთი სოფლის წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი მიმდინარეობს, - ამის შესახებ მაია ცქიტიშვილმა სასტუმროში „Radisson Blu Iveria“-ში 2018-19 წლების შემაჯამებელი ანგარიშის წარადგენისას აღნიშნა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტში ხუთი სოფლის (ახალსოფელი, ნორიო, ვაზიანი, ახალი სამგორი და მარტყოფი) წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა: ნაწილობრივ სათავე ნაგებობა, სატუმბი სადგური, შემკრები რეზერვუარი, დამცავი კედელი, ჭაბურღილები და კოლექტორი. ამასთანავე, გაკეთდება საქლორატორო და მაგისტრალური წყალსადენი.
აღნიშნულ სოფლებს წყალმომარაგების პრობლემა ათეული წლებია აწუხებს- ნაწილს წყალი ოთხ დღეში ერთხელ ორი საათით, ნაწილს კი დღეგამოშვებით მიეწოდება. არსებული რეზერვუარები ავარიულ და ამორტიზებულ მდგომარეობაშია.
პროექტი გარდაბნის მუნიციპალიტეტის დაკვეთით ხორციელდება. სამუშაოების პირველი ეტაპისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარამდეა გამოყოფილი. პროექტი წლის ბოლოს დასრულდება.
ასევე, მიმდინარეობს მარნეულის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის, ბოლნისის კოლექტორისა და წყალარინების სისტემის მშენებლობა. პროექტი 2021 წლის მარტში დასრულდება.
სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია სატუმბი სადგურისა და ხუთი ახალი რეზერვუარის მშენებლობა, მაგისტრალური მილის და შიდა ქსელების მოწყობა, ამორტიზებული მილების ახლით ჩანაცვლება. ახალი საკანალიზაციო კოლექტორისა და სისტემის მოწყობა, ასევე წყალარინების სატუმბი სადგურების მშენებლობა.
ამ დროისთვის, მარნეულის მოსახლეობის 83 პროცენტს სასმელი წყალი 5-6 საათიანი გრაფიკით მიეწოდება. პროექტის დასრულების შემდეგ, ქალაქ მარნეულისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების 35 200-მდე მაცხოვრებელი სტაბილური, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
რაც შეეხება წყალარინების ინფრასტრუქტურას, დღეის მდგომარეობით, სოფელ ყიზილაჯლოში კანალიზაციის სისტემა არ არსებობს, მარნეულში მოსახლეობის დაახლოებით 25 და ბოლნისში - 40 პროცენტი სარგებლობს წაყალარინების ინფრასტრუქტურით. პროექტის დასრულების შემდეგ, კანალიზაციის გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს მარნეულის, ბოლნისისა და სოფელ ყიზილაჯლოს 38 000-მდე მოსახლე.
მარნეულის პროექტს, აზიის განვითარების ბანკი 55,940,022 დოლარით აფინანსებს. სამშენებლო სამუშაოებს აზერბაიჯანული კომპანია ,,Akelik Group” ასრულებს.