მაია ცქიტიშვილი - წყალმომარაგება ჩვენს მთავარ გამოწვევად და უპირველეს პრიორიტეტად რჩება
უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგება რჩება ჩვენს მთავარ გამოწვევად და შესაბამისად, უპირველეს პრიორიტეტად - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა სამინისტროს მიერ 2018 წელს განხორციელებული და 2019 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა.
მინისტრის შეფასებით, გასული წელი მნიშვნელოვანი იყო წყალმომარაგების სფეროში, ვინაიდან პირველად დაიწყო წყლის ინფრასტრუქტურის სრული ინვენტარიზაცია და შესაბამისი საჭიროებების გამოვლენის მიზნით მთელი ქვეყნის მასშტაბით შესწავლა. მაია ცქიტიშვილის განცხადებით, პროცესი 2019 წელს დასრულდება და მნიშვნელოვნად გაამარტივებს წალმომარაგების პოლიტიკის, მათ შორის სატარიფო პოლიტიკის დაგეგმარებისა და პრიორიტეტების დასახვის პროცესს.
მინისტრმა კომპანიის მიერ 2018 წელს გაწეულ საქმიანობაზეც ისაუბრა.
,,გასულ წელს, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების სარეაბილიტაციო, სამშენებლო და გამრიცხველიანების სამუშაოებისთვის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ 153 მილიონი ლარის პროექტები განხორციელდა სხვადასხვა რეგიონში, რის შედეგადაც გაუმჯობესებული წყალმომარაგების ხაროისხით 50 000 ბენეფიციარი იქნა უზრუვლეყოფილი, მათ შორის ისეთ რეგიონებში, როგორიც არის სტეფანწმინდა, სადაც წლების განმავლობაში პრობლემური იყო წყალმომარაგება და ახალციხეში არსებული დევნილთა დასახლება, სადაც წლების განმავლობაში საუბნო ონკანებით სარგებლობდნენ’’-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.