გუდაურში წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემების მშენებლობის მეორე ეტაპი იწყება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია დაბა გუდაურში სასმელი წყლისა და კანალიზაციის სისტემების მშენებლობას იწყებს. პროექტს აზიის განვითარების ბანკი (ADB) დააფინანსებს. პროექტი ითვალისწინებს გუდაურსა და მის მიმდებარე სოფლებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასმელი წყლისა და კანალიზაციის ინფრასტრუქტურის მოწყობას.
სამუშაოების ფარგლებში აშენდება ახალი რეზერვუარი, მოეწყობა ჭაბურღილები, ასევე 34 კმ-მდე საკანალიზაციო და 3 კმ-მდე წყალმომარაგების ქსელი. გარდა ამისა, დამონტაჟდება თანამედროვე ობიექტების მართვის ელექტრონული სისტემა (SCADA), რომელიც უზრუნველყოფს წყალმომარაგების ოპერირების გამართულ მუშაობას. საკურორტო ზონაში დღემდე არ არსებობს გამართული საკანალიზაციო ქსელი. ასევე, მზარდი ინფრასტრუქტურული ობიექტებისა და დამსვენებლების გამო, არსებული წყალმომარაგების სისტემები დამატებითი წყლის დებიტის შექმნას საჭიროებს, რათა ზამთრის სეზონზე გუდაურის სტაბილური წყალმომარაგება უზრუნველყოს. სამუშაოები მომავალი წლის იანვარში დაიწყება და 2020 წლის ზაფხულში დასრულდება.
პროექტის დასრულების შედეგად, საკურორტო ზონა 24-საათიანი, უწყვეტი წყალმომარაგებითა და წყალარინების ერთიანი ქსელით იქნება უზრუნველყოფილი.
გუდაურში, პირველი ეტაპის სამუშაობის ფარგლებში, მოეწყო ახალი, 1000 კუბური მეტრის მოცულობის რეზერვუარი და შიდა გამანაწილებელი ქსელი. პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.