სასმელი წყლის ხარისხს მობილური ლაბორატორიები ინტენსიურად შეამოწმებენ


2013-07-23

დღეს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში სასმელი წყლის ხარისხის კონტროლის მობილური ლაბორატორიების პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი არჩილ ცაბუტაშვილი დაესწრნენ.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასმელი წყლის ხარისხი, ამიტომაც, ზაფხულის სეზონის დადგომისთანავე, როდესაც წყლით გადამდები დაავადებების გავრცელების რისკი ყველაზე მაღალია, სასწრაფოდ იქნა შეძენილი წყლის ხარისხის კონტროლის თანამედროვე მობილური ლაბორატორიები. კომპანიამ შეიძინა 150 ათასი ლარის ღირებულების გერმანული წარმოების ქიმიურ-მიკრობიოლოგიური კვლევის აპარატურა შესაბამისი რეაგენტებით. მობილური ლაბორატორიები განაწილდება საქართველოს რეგიონებში და მოემსახურება ყველა იმ დასახლებულ პუნქტს, სადაც ამის საჭიროება დადგება. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მომსახურება გაეწევა სოფლებსაც და წყლის ხარისხი სოფლებშიც ინტენსიურად გადამოწმდება.

აქამდე მობილური ლაბორატორიები კომპანიას არ გააჩნდა და ის წყლის ხარისხის კონტროლს ახორციელებდა ლაბორატორიული ქსელით, რომლის მხოლოდ მცირე ნაწილი იყო აღჭურვილი თანამედროვე აპარატურით, ხოლო უდიდესი ნაწილი საჭიროებდა განახლება-მოდერნიზაციას. 33 ლაბორატორიიდან კი 12-ში ტარდებოდა მიკრობიოლოგიური ანალიზები. ვინაიდან წყლის უსაფრთხოებას, ძირითადად, განაპირობებს მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები და აუცილებელია მათი კონტროლი, ახლად შეძენილი აპარატურის საშუალებით მიკრობიოლოგიურ ანალიზები 12-ის ნაცვლად 21 ლაბორატორიაში ჩატარდება.

ამჟამად 8 რეგულარული ლაბორატორია შემდეგ ქალაქებში ფუნქციონირებს: ქუთაისი, წყალტუბო, ოზურგეთი, ფოთი, გორი, ახალციხე, ბოლნისი, თელავი, უახლოეს პერიოდში დაგეგმილია რეგულარული ლაბორატორიის გახსნა მესტიაში. უახლოეს დღეებში რეგიონებში გამოჩნდება წყლის ხარისხის კონტროლის მობილური ლაბორატორიებით აღჭურვილი მანქანები. კვალიფიციური კადრები სათანადო აღჭურვილობით და მასალებით, ადგილზე დაინტერესებული პირების თანდასწრებით, გააკონტროლებენ სასმელი წყლის ძირითად ორგანოლეპტიკურ, ქიმიურ და მიკრობიოლოგიურ მონაცემებს, ანალიზები დასრულდება და საბოლოო სახეს მიიღებს ლაბორატორიულ პირობებში. მიგვაჩნია, რომ ეს წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან მოსახლეობა თავად დაინახავს და დარწმუნდება, რომ სასმელი წყლის ხარისხი რეგულარულად მოწმდება წყალაღებიდან მომხმარებლამდე (სათავე ნაგებობიდან ონკანამდე). სასმელი წყლის ხარისხი მოწმდება ყოველდღიურად რეგიონული და სერვის ცენტრების ლაბორატორიების მიერ, შედეგები ფიქსირდება სპეციალურ ჟურნალებში, ინფორმაცია ყოველი კვარტლის ბოლოს გადაეცემა სემეკს, ასევე, აღნიშნული ინფორმაცია ყველა დაინტერესებული ორგანიზაციისა და პირისათვის არის საჯარო. გარდა ამისა, თბილისში, „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სათაო ოფისში, გაიხსნა, ასევე, წყლის კონტროლის შემამოწმებელი ცენტრალური ლაბორატორია, სადაც რეგიონებიდან შემოსული შედეგები გადამოწმდება. წყლის ხარისხის კონტროლი განსაკუთრებით გაძლიერებულია საკურორტო ზონებში, იქ, სადაც მთელი წლის განმავლობაში ვერ ხერხდება წყლის დამუშავება ამ დროისთვის ვახერხებთ ქლორი კირით დავამუშაოთ და განსაკუთრებულ კონტროლზე ავიყვანოთ წყლის გაუსნებოვნება.

 




სიახლეები