საკურორტო სეზონისთვის ბაკურიანში წყალარინების ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ტურისტულ ზონებში წყალარინების შიდა ქსელების მოწესრიგებას აგრძელებს.
ზამთრის საკურორტო სეზონისთვის სამუშაოები ამჯერად დაბა ბაკურიანში განხორციელდა. წყალარინების ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირებისთვის რეაბილიტაცია ჩაუტარდა დაზიანებულ ქსელს, რამდენიმე უბანზე ამორტიზებული მილები ახლით შეიცვალა.
ზამთრის სეზონის დადგომისთანავე, ტურისტებისა და დამსვენებლების მზარდი ნაკადის გამო, საკანალიზაციო სისტემის გამართული ფუნქციონირება ფერხდებოდა. მოსალოდნელი სირთულეების თავიდან აცილების მიზნით, დაბა ბაკურიანში საკანალიზაციო ქსელი თანამედროვე ტექნიკის საშუალებით გაიწმინდა. შედეგად შემცირდება ქსელის გაბიდვნის შემთხვევები და ადგილობრივები და დამსვენებლები წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.