წყალმომარაგების კომპანიის მენეჯმენტმა ხაშურის მოსახლეობას დაგეგმილი პროექტები გააცნო


2018-11-16

ხაშურში წყალმომარაგება-წყალარინების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა. დაგეგმილი პროექტები მოსახლეობას კომპანიის მენეჯმენტმა, შიდა ქართლის გუბერნატორთან, გიორგიხოჯევანიშვილთან, ხაშურის მაჟორიტარ დეპუტატთან, სიმონ ნოზაძესთან და ქალაქის მერთან, გიორგი გურასპაშვილთან ერთდ გააცნო.

ამ დროისთვის,  ხაშურის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები მოძველებულია, სასმელი წყლის ქსელის 90%კი ამორტიზებული,  მოსახლეობას წყალი საშუალოდ 6-საათიანი გრაფიკით მიეწოდება.

შეხვედრისას, კომპანიის დირექტორი, ეკატერინე გალდავა მოსახლეობას იმ სამუშაოების მოცულობაზე ესაუბრა, რომელსაც კომპანია, ქალაქის წყალმომარაგება-წყალარინების თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობისა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის მიმართულებით გეგმავს. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის  ბოლოს დაიწყება. ამ დროისთვის, მიმდინარეობს საპროექტო მომსახურების სამუშაოები.

,,კომპანია ამჟამად ამზადებს პროექტს და ვფიქრობ, იანვრის ბოლოს დავასრულებთ ამ კუთხით მუშაობას.   ვცდილობთ და მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისათვის, რომ 2019 წლის ბოლოსთვის დავიწყოთ ინფრასტრუქტურული სამუშაოები. უკვე მოვიძიეთ დონორი კომპანია და სრულფასოვნად შევუდგებით საქმიანობას, რომ ხაშურის მოსახლეობას წყალმომარაგების მრავალწლიანი პრობლემა მოვუგვაროთ“- განაცხადა ეკატერინე გალდავამ.

პროექტის დასრულების შედეგად,   28 000-მდე ადამიანი ცენტრალიზებული სასმელი წყლით იქნება უზრუნველყოფილი. ქალაქს გამართული წყალარინების ქსელი მოემსახურება. გამწმენდი ნაგებობა ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ჩამდინარე წყლების წმენდის სრულ ბიოლოგიურ ციკლს განახორციელებს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს რეგიონში გარემოს დაბინძურების რისკებს.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. კომპანიის  მენეჯმენტმა მოსახლეობის კითხვებს ამომწურავად უპასუხა. 




სიახლეები