ზუგდიდის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობისთვის 95 მილიონ ლარამდე დაიხარჯება


2018-09-24

ქ. ზუგდიდში წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე ინფრასტრუქტურა შენდება. მასშტაბურ სამუშაოებს აზიის განვითრების ბანკი აფინანსებს. ქალაქის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის 95, ხოლო საკანალიზაციო ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის 84 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მენეჯმენტმა, ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორთან ვერნერ ლიპახთან ერთად, ზუგდიდში შესრულებული სამუშაოები დაათვალიერა და პროექტების მიმდინარეობა შეაფასა.

,,აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით. ამაჟამად, ზუგდიდში ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობას ვსწავლობთ. მოხარული ვარ, რომ მშენებლობის პროცესი კარგი ტემპით მიმდინარეობს და პროგრესი შეიმჩნევა. წყალმომარაგების ახალი სისტემა, რომელიც ქალაქისთვის შენდება მომავალ წელს დასრულდება და მოსახლეობას სტაბილური სასმელი წყლით უზრუნველყოფს’’- განაცხადა ვერნერ ლიპახმა.

ქალაქის წყალმომარაგების სარეაბილიტაციო სამუშაოების 80% უკვე დასრულებულია. უახლოს მომავალში გზის საფარის აღდგენითი სამუშაოები დაიწყება.

ზუგდიდში ცენტრალიზებული სისტემა დღემდე არ არსებობდა, რის გამოც ადგილობრივების დიდი ნაწილი ინდივიდუალური ჭებითა და საუბნო ჭაბურღილებით სარგებლობდა. პროექტის დასრულების შედეგად, 50 ათასზე მეტი ადგილობრივი უწყვეტ წყალმომარაგებაზე გადავა.




სიახლეები