ეკატერინე გალდავამ ანაკლიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობა დაათვალიერა


2018-09-20

დასავლეთ საქართველოს საკურორტო ზონებში უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი წყალარინების (კანალიზაციის) გამწმენდი ნაგებობები შენდება. ერთ-ერთი ასეთი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის მშენებლობა სრულდება ანაკლიაში.    

უკვე შესრულებული სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ეკატერინე გალდავამ და მოადგილემ, ირაკლი ურუშაძემ დაათვალიერეს.

აღნიშნული ობიექტი ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ჩამდინარე წყლების წმენდის სრულ ბიოლოგიურ ციკლს განახორციელებს, რაც შეამცირებს შავი ზღვის აუზისა და გარემოს დაბინძურების რისკებს. გამწმენდი ნაგებობა ანაკლიასა და განმუხურში მცხოვრებ 3 000-ზე მეტ ადამიანს და იქ ჩასულ ტურისტებს მოემსახურება.  

პროექტს აზიის განვითარების ბანკი 20 771 631 ლარით აფინანსებს.

2019-2021 წლებში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ევროპული სტანდარტების შესაბამისი 9 წყალარინების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობას გეგმავს.

მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები სრულად პასუხობს საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს და შესაბამისობაშია ევროკავშირის დირექტივის მოთხოვნებთან ,,ურბანული ჩამდინარე წყლის გამწმენდის შესახებ“, რომელიც მიზნად ისახავს წყალარინების სფეროს განვითარებას ქვეყნის მასშტაბით.




სიახლეები