წყალტუბოში 700-მდე მაცხოვრებელი წყალარინების ახალი სისტემით ისარგებლებს
რამდენიმე მუნიციპალიტეტში წყალარინების შიდა ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით სამუშაოები აქტიურად გრძელდება.
ამჯერად, წყალტუბოში 8 საცხოვრებელ კორპუსში საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია დასრულდა. შედეგად, გურამიშვილის ქუჩის 700-მდე მაცხოვრებლისთვის საყოფაცხოვრებო პირობები გაუმჯობესდა. ხვალიდან მოსახლეობა გამართული წყალარინების სისტემით ისარგებლებს.
აღნიშნულ დასახლებაში საკანალიზაციო ქსელი წლების განმავლობაში არ ფუნქციონირებდა. სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წყალტუბოს სერვის-ცენტრმა განახორციელა.
აგვისტოში, რამდენიმე მუნიციპალიტეტში, წყალმომარაგება-წყალარინების ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად, მოსახლეობა სასმელი წყლის გაუმჯობესებული გრაფიკითა და ახალი საკანალიზაციო ქსელით უკვე სარგებლობს. კერძოდ, დაბა ასპინძაში 1000-ზე მეტ ადამიანს წყალმომარაგება გაუუმჯობესდა, ქუთაისში წყალარინების შიდა ქსელების გაწმენდის შედეგად, 1600 -მდე ოჯახს გამართული ინფრასტრუქტურა ემსახურება. გურჯაანში თავისუფლებისა და ფურცელაძის ქუჩებზე, წყალარინების ინფრასტრუქტურა მოეწყო, შედეგად 250 აბონენტს ახალი საკანალიზაციო სისტემა ემსახურება. ახალციხეში 750-ზე მეტი მომხმარებლისთვის წყალარინების ქსელი მოეწყო, ცაგერში მცხოვრები 800-მდე ოჯახისთვის კი სასმელი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა.