ახალციხეში 250 -მდე ოჯახი წყალარინების ახალი სისტემით უკვე სარგებლობს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მუნიციპალიტეტებში შიდა წყალარინების სისტემების მოწესრიგებას აქტიურად აგრძელებს.
ამჯერად, საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია დასრულდა ახალციხეში ,,საბარგო სადგურის” დასახლებაში. შედეგად, 250-მდე ოჯახისთვის საყოფაცხოვრებო პირობები გაუმჯობესდა. მოსახლეობა გამართული წყალარინების სისტემით უკვე სარგებლობს.
აღნიშნულ დასახლებაში წყალარინების ქსელი დღემდე არ არსებობდა. სამუშაოების პირველი ეტაპი ითვალისწინებდა ცენტრალური მაგისტრალური ქსელის მოწყობას. მეორე ეტაპის ფარგლებში, კომპანიამ ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან ერთად, აბონენტების ინდივიდუალური დაერთებებიც განახორციელა.
რეგიონებში, თანამედროვე ტექნიკის საშუალებით საკანალიზაციო სისტემები ეტაპობრივად იწმინდება. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს სასმელი წყლის გრაფიკის გაუმჯობესების მიზნით წყალმომაარგების შიდა სისტემების რეაბილიტაცია და განახლება.