ყაზბეგის მოსახლეობას სასმელი წყლის მიწოდება აღუდგა


2018-08-12

ყაზბეგის მოსახლეობას გუშინ, გვიან ღამით სასმელი წყლის მიწოდება აღუდგა. დაზიანებული წყლის სათავე ნაგებობის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შედეგად, დაბას წყალი შეუფერხებლად მიეწოდება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებს რთული რელიეფისა და სათავე ნაგებობასთან რთულად მისადგომი ადგილების გამო,  მძიმე პირობებში უხდებოდათ მუშაობა. გვიან ღამით დასრულდა გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები წყლის მაგისტრალურ მილსადენზე,  მოწესრიგდა არსებული ინფრასტრუქტურაც.

წყალმომარაგების აღდგენამდე, სამი დღის განმავლობაში კომპანია წყალმზიდი სატრანსპორტო საშუალებით მოსახლეობას სასმელ წყალს უწყვეტ რეჟიმში აწვდიდა. ამასთან, წყლით საზოგადოებრივი დანიშნულების ცენტრები და ტურისტული ობიექტებიც მარაგდებოდა.

ადგილზე რამდენიმე დღის განმავლობაში მობილიზებული იყო მძიმე ტექნიკა და საავარიო ჯგუფები. 

ყაზბეგში, წარმოქმნილმა ღვარცოფმა წყალმომარაგების სათავე ნაგებობა და მაგისტრალური მილსადენი მნიშვნელოვნად დააზიანა, შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობის დიდ ნაწილს სამი დღის განმავლობაში წყალმომარაგება შეუწყდა.




სიახლეები