წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია ჩოხატაურში


2012-08-27

დაბა ჩოხატაურში წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციის მესამე ეტაპი დაიწყო, რომლის დასრულების შემდეგაც ჩოხატაურის მოსახლეობა სუფთა და ხარისხიან წყალს უწყვეტ, 24 საათიან რეჟიმში მიიღებს. სამუშაოებს ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განახორციელებს. პროექტის ღირებულება 3 მლნ ლარია და სამუშაოებზე პირდაპირ და ირიბად, 150 ადამიანი დასაქმდა, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს წყალმომარაგების სერიოზული პრობლემა ჰქონდა. მოსახლეობას წყალი ათწლეულების მანძილზე არასტაბილური გრაფიკით კვირაში რამდენიმე საათით მიეწოდებოდა. სამუშაოების მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ, გრაფიკი სტაბილური გახდა და ამჟამად, ჩოხატაურს წყალი ყოველდღიურად 6-10 საათის განმავლობაში მიეწოდება. მესამე ეტაპის დასრულების შემდეგ, ჩოხატაური 24 საათიან წყალმომარაგებაზე გადავა.

ჩოხატაურის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველ ეტაპზე მოეწყო წყლის სათავე ნაგებობა, გაკეთდა წყალსადენი მილების მაგისტრალური ქსელი. მოეწყო საქლორატორო, დამონტაჟდა წყალსადენი ჭები. სამუშაოების მეორე ეტაპზე აშენდა 2000 კუბურ მეტრიანი წყლის რეზერვუარი და მოეწყო საქლორატორო. ასევე ჩატარდა ქუჩების დაქსელვითი სამუშაოები. სამუშაოების მესამე ეტაპზე მოეწყობა საფილტრი ნაგებობა, დამონტაჟდება 2 ახალი ტუმბო დანადგარი, მდინარე გუბაზეულზე აშენდება წყლის მიმღები ნაგებობა და მოხდება წყალმომარაგების ქსელის სრული რეაბილიტაცია, რის შედეგადაც, დაბა ჩოხატაურის მაცხოვრებლები სუფთა და გაფილტრულ წყალს 24 საათიანი გრაფიკით მიიღებენ. აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოები 2013 წელს დასრულდება.

 




სიახლეები