დამატებითი ინვესტიცია წყალმომარაგების სექტორის განვითარებისთვის


2018-07-20

აზიის განვითარების ბანკი წყალმომარაგების სექტორში ახალ ინვესტიციას გეგმავს.   ფინანსური მხარდაჭერა არსებული და წყალმომარაგების ახალი ინფრასტრუქტურული ობიექტების საერთაშორისო სტანდარტებით ოპერირებისა და მართვის გაუმჯობესებისკენ იქნება მიმართული. მათ შორის, ენერგოეფექტურობის გაზრდაზე, წყლის დანაკარგების შემცირებასა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე.  

აღნიშნული პროგრამის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ქალაქად ქუთაისი განისაზღვრა. დამატებითი საინვესტიციო პაკეტის გამოყოფის მიზნით, ADB-ის მისიამ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მენეჯმენტთან ერთად, ქუთაისში წყალმომარაგების კუთხით არსებული ვითარება ადგილზე შეისწავლა და მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. ბანკის წარმომადგენლებმა   ფარცხანაყანევში სათავე ნაგებობაც დაათვალიერეს, საიდანაც ადგილობრივები სასმელი წყლით მარაგდებიან.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრა კომპანიის ადგილობრივი სერვის-ცენტრის თანამშრომლებთანაც გამართეს, სადაც დეტალურად მიიღეს ინფორმაცია ტექნიკურ და კომერციულ სფეროებში არსებული მდგომარეობის შესახებ.

დღეის მდგომარეობით, ბანკმა ,,ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის’’ (USIIP) ფარგლებში, წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების განვითარებისთვის 500 მილიონი დოლარის დაფინანსება უკვე  გამოყო.




სიახლეები