აქცია ,,გადაიხადე მხოლოდ 50%“


2012-07-18

დღეს, 18 ივლისს გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ“ მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო წამახალისებელი აქცია "გადაიხადე მხოლოდ 50%". აქციის ფარგლებში, კომპანია რეგიონებში 2010 წლიდან დღემდე დავალიანების მქონე ყველა აბონენტს გადასახადს გაუნახევრებს.
ამ თემასთან დაკავშირებით, ,,გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორმა ირაკლი კვაშილავამ ბრიფინგი გამართა და აქციის დეტალებზე ისაუბრა. აქცია გაგრძელდება მიმდინარე წლის 1 ოქტომბრამდე და მოიცავს მთელს საქართველოს. როგორც კომპანიის დირექტორმა ირაკლი კვაშილავამ განაცხადა: ,,კომპანიის მიმართ არსებული დავალიანება ჯამში დაახლოებით 5 მილიონ ლარს შეადგენს და ეს აქცია მოსახლეობას მისცემს საშუალებას შეამცირონ გადასახადის ოდენობა. აქციის ფარგლებში აბონენტებმა რეგიონებში არსებულ სერვის-ცენტრებს უნდა მიმართონ და მათზე რიცხული დავალიანება დააზუსტონ. ამის შემდეგ დაზუსტებული დავალიანების აქტს კომპანიის წყალმომარაგების აგენტი აბონენტს სახლში მიუტანს და დავალიანების 50% ავტომატურად ჩამოეჭრებათ".
ამასთან, კომპანიის დირექტორმა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომპანია რეგიონებში აქტიურად ახორციელებს წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს და ამავდროულად, აბონენტებს მსგავსი სახის აქციებს სისტემატურად სთავაზობს.
 




სიახლეები