ფოთის მოსახლეობა წყალარინების ახალი ინფრასტრუქტურით ისარგებლებს


2018-07-05

ქვეყნის მასშტაბით წყალმომარაგებისა და წყალარინების (კანალიზაციის) ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. თანამედროვე სტანდარტების წყალარინების ქსელის მოწყობის და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა მიმდინარეობს ფოთში. სამუშაოებისთვის აზიის განვითარების ბანკმა 133 მილიონ ლარზე მეტი გამოყო. პროექტების მიმდინარეობის ტემპი და სამუშაოების ხარისხი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მენეჯმენტმა, ADB-ის აღმასრულებელ დირექტორთან, ჰელმუტ ფიშერთან ერთად შეამოწმა.

დღემდე, ფოთის მოსახლეობის 60% კანალიზაციის სისტემით ვერ სარგებლობს, ამორტიზებულია გამწმენდი ნაგებობაც. მიმდინარე პროექტები ითვალისწინებს 145 კმ ქსელის მოწყობასა და 28 ერთეული სატუმბი სადგურის მშენებლობას. გარდა ამისა, აშენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალარინების გამწმენდი ნაგებობა.

პროექტების დასრულების შედეგად, ქალაქს ექნება წყალარინების სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა, რომელიც ფოთში მცხოვრებ 50-ათასზე მეტ ადამიანსა და იქ ჩასულ ტურისტებს მოემსახურება.

აზიის განვითარების ბანკის მისიამ ქალაქის წყალმომარაგების არსებული ინფრასტრუქტურაც დაათვალიერა, რომლის მშენებლობა ბანკის მხარდაჭერით 2016 წლის გაზაფხულზე დასრულდა. დღეს ფოთის მოსახლეობა 20-24 საათიანი წყალმომარაგებით არის უზრუნველყოფილი.

წყალარინების გამწმენდი ნაგებობის პროექტები მიმდინარეობს: ფოთში, ურეკში, ანაკლიაში, ზუგდიდში, თელავსა და წყალტუბოში. პროექტების დასრულების შემდეგ შემცირდება გარემოზე მავნე ზემოქმედება, გაუმჯობესდება სანიტარული ნორმები და 160 000 ადამიანს გაუუმჯობესდება საცხოვრებელი პირობები. ქობულეთში გამწმენდი ნაგებობა უკვე ფუნქციონირებს, შედეგად, 25 000 ადამიანს გაუუმჯობესდა საცხოვრებელი პირობები. დაგეგმილია სამშენებლო სამუშაოები საქართველოს 20 ქალაქში, მათ შორის: ქუთაისში, მესტიასა და ჭიათურაში.




სიახლეები