ბაკურიანში წყალმომარაგების არსებულ ინფრასტრუქტურას ADB-ის მისია გაეცნო


2018-06-30

ბაკურიანი ტურისტებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების მზარდი რაოდენობის  გამო, სტაბილური წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად ქსელის განვითარებას საჭიროებს. ბაკურიანი-მიტარბის წყალმომარაგება-წყალარინების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისა და საპროექტო სამუშაოების დაფინანსების მიზნით, აზიის განვითარების ბანკის მისია არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მენეჯმენტმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის წარმომადგენლებთან ერთად, ბაკურიანში მოქმედი საფილტრი სადგური დაათვალიერა და სათხილამურო კურორტის სასმელი წყლით მომარაგების პრინციპს გაეცნო.

დღეის მდგომარეობით, ბანკმა ,,ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის’’ (USIIP) ფარგლებში, ჯამში 500 მილიონი დოლარის დაფინანსება უკვე  გამოყო.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს წყალმომარაგების შვიდი, წყალარინების ოთხი და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებელობის ოთხი პროექტი. სამუშაოების საერთო ღირებულება 720 მილიონ ლარს შეადგენს. 2018-2020 წლებში კომპანია, ADB-ის ფინანსური მხარდაჭერით, დამატებით 355 მილიონ ლარამდე ღირებულების პროექტების დაწყებას გეგმავს. 

,,ჩემი ვიზიტი ემსახურება როგორც ბაკურიანში, ასევე მთლიანად ქვეყანაში არსებული ვითარებისა და სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების გაცნობას. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამუშაო სფერო, რაშიც ჩართულია აზიის განვითარების ბანკი და მხარს უჭერს ქვეყნის ურბანული ინფრასტრუქტურის განვითარებას, კერძოდ წყალმომარაგებისა და წყალარინების სფეროს. მოხარული ვარ, რომ დღეს ბაკურიანში ვიმყოფები და ვხედავ, თუ რა კეთდება აქ“- განაცხადა ADB-ის დირექტორთა საბჭოს წევრმა სკოტ დოულსონმა.




სიახლეები