დირექტორმა დეპუტატებს წყალმომარაგების კუთხით არსებული გამოწვევები და გეგმები გააცნო
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ეკატერინე გალდავა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წინაშე ანგარიშით წარსდგა.
კომპანიის ხელმძღვანელმა კომიტეტის სხდომის მონაწილეებს რეგიონებში წყალმომარაგების მიმართულებით გაწეული საქმიანობა და სამომავლო გეგმები გააცნო. ისაუბრა კომპანიის ძირითად პრიორიტეტებსა და არსებულ გამოწვევებზე.
ეკატერინე გალდავამ პარლამენტის წევრებს მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, შეაჯამა 2013-2018 წლების შედეგები და აღნიშნა, რომ მიუხედავად გატარებული ღონისძიებებისა, მუნიციპალიტეტებში წყალმომარაგების ხელმისაწვდომობის კუთხით პრობლემები და გამომწევევები საკმაოდ აქტუალურია.
კომპანიის დირექტორმა გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა მომავალი განვითარების გეგმის ახალ ეტაპებზე, მათ შორის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად წყლის რესურსების ეფექტურად გამოყენების სტრატეგიის შემუშავებაც დაასახელა.
,,მინდა აღვნიშნო, რომ პროექტების პარალელურად, კომპანია ქვეყნის მასშტაბით წყლის მიწოდების საჭიროებას დეტალურად სწავლობს, რომლის მიხედვითაც წყალმომარაგების უზრუნველყოფის ნაწილში მოხდება პრიორიტეტების განსაზღვრა. კომპანიის ამოცანაა უზრუნველყოს თითოეული მოქალაქისთვის სასმელი წყლის ხელმისაწვდომობა და ხელი შეუწყოს მათი საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას. ჩვენ უნდა გადავიდეთ განვითრების ახალ ეტაპზე, რომელიც თავისთავად გულისხმობს არა მხოლოდ პროექტებს, არამედ მთლიანად დარგის კომპლექსურად განვითარებას’’-განაცხადა ეკატერინე გალდავამ.
კომპანიის დირექტორი მიიჩნევს, რომ მიუხედავად ჩატარებული მასშტაბური სამუშაოებისა, რამდენიმე რეგიონში ვითარება საკმაოდ მძიმეა და მოსახლეობის დიდ ნაწილს ცენტრალურ წყალმომარაგებაზე წვდომა არა აქვს.
,,2013-2018 წლებში წყლის ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით 70 -ზე მეტი პროექტი განხორციელდა. დღეის მდგომარეობით, მიმდინარეობს 43 პროექტი, რომლის შედეგად დამატებით 430 000 ადამიანი 24 საათიან წყალმომარაგებაზე გადავა. მიუხედავად ჩატარებული სამუშაოებისა, რამდენიმე რეგიონში ვითარება საკმაოდ კრიტიკულია. მომავალი წლისთვის ვგეგმავთ, მნიშვნელოვნად გავზარდოთ სამუშაოების მოცულობა და არეალი. 2019-2020 წლებში კომპანია, დამატებით 500 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სამუშაოებს გეგმავს. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა ქალაქებსა და სოფლებში შევქმნათ თანამედროვე, გამართული წყლის ინფრასტრუქტურა, რომელიც მოსახლეობის 24-საათიან წყალმომარაგებას უზრუნველყოფს ‘’- განაცხადა ეკატერინე გალდავამ.
კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას შეფასებით, ანგარიში სრულ ინფორმაციას მოიცავს გამოწვევების ობიექტური და სუბიექტური გარემოებებისა და მიზეზების დაძლევის რესურსისა და შესაძლებლობის შესახებ.
მოხსენების დასასრულს, კომპანიის დირექტორმა დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.