წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია ოზურგეთში


2012-05-07

ოზურგეთის მოსახლეობა სუფთა და ხარისხიან სასმელ წყალს გაუმჯობესებული გრაფიკით მიიღებს. დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა, ოზურგეთის წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები, პრეზიდენტის რწმუნებულთან გურიის რეგიონში ვალერი ჩიტაიშვილთან ერთად დაათვალიერა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე, წყალმომარაგების ამორტიზებული სისტემის გამო ოზურგეთის მოსახლეობას სასმელი წყალი, დღეში რამდენიმე საათიანი გრაფიკით მიეწოდებოდა. პროექტის ფარგლებში ქალაქის წყალმომარაგების ცენტრალურ მაგისტრალზე დამონტაჟდება საკონტროლო ურდულები, მოეწყობა 3 სატუმბი სადგური, სადაც ეკო ტუმბოები დამონტაჟდება. წყალმომარაგების ქსელი 4 ზონად დაიყოფა და შიდა ქსელი ახლით შეიცვლება. აღნიშნული სამუშაოების ჩატარების შემდეგ ელექტრო ენერგიის დანახარჯი შემცირდება და ოზურგეთის მოსახლეობის ნაწილი წყალს 24, ნაწილი კი, 12 საათიანი გრაფიკით მიიღებს. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე სულ 50 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდა.

აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოები, საქართველოს 17 ქალაქისა და სოფლის წყალმომარაგების გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, ევროპის საინვესტიციო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი შემდეგ ქალაქებსა და სოფლებში ჩაატარებს: ლენტეხი, ცაგერი, მარტვილი, წალენჯიხა, წყალტუბო, ოზურგეთი, ვანი, ლანჩხუთი, ზესტაფონი, ბაღდათი, ტყიბული, სურამი, ქარელი, კასპი, ომალო, ლაგოდეხი, სართიჭალა. სამუშაოებზე სულ პირდაპირ და ირიბად 5 ათასზე მეტი ადამიანი დასაქმდება, რომელთა უმრავლესობა რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა იქნება. აღნიშნული პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს იმ გეგმის ნაწილია, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წლის ბოლოს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი ყოველდღიურ წყალმომარაგებაზე გადავა.




სიახლეები