წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია სართიჭალაში


2012-05-03

სართიჭალის მოსახლეობა სუფთა და ხარისხიან სასმელ წყალს 24 საათიან, უწყვეტ რეჟიმში მიიღებს. დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა, სართიჭალის წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები, პრეზიდენტის რწმუნებულთან ქვემო ქართლის რეგიონში დავით კირკიტაძესთან ერთად დაათვალიერა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე, მოძველებული და ამორტიზებული ცენტრალური მაგისტრალისა და შიდა ქსელის გამო, სართიჭალის მოსახლეობას წყალი კვირაში სამჯერ, დღეში 4-5 საათიანი გრაფიკით მიეწოდებოდა.

პროექტის ფარგლებში აშენდება 2 სატუმბი სადგური, 2 საქლორატორო ნაგებობა, არსებულ რეზერვუარს ჩაუტარდება რეაბილიტაცია, შეიცვლება 32კმ სიგრძის წყალსადენი ქსელი და მოხდება მოსახლეობის სრული გამრიცხველიანება. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე სულ 100-მდე ადამიანი დასაქმდა, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეობაა.

აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოები, საქართველოს 17 ქალაქისა და სოფლის წყალმომარაგების გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, ევროპის საინვესტიციო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი შემდეგ ქალაქებსა და სოფლებში ჩაატარებს: ლენტეხი, ცაგერი, მარტვილი, წალენჯიხა, წყალტუბო, ოზურგეთი, ვანი, ლანჩხუთი, ზესტაფონი, ბაღდათი, ტყიბული, სურამი, ქარელი, კასპი, ომალო, ლაგოდეხი, სართიჭალა. სამუშაოებზე სულ პირდაპირ და ირიბად 5 ათასზე მეტი ადამიანი დასაქმდება, რომელთა უმრავლესობა რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა იქნება. აღნიშნული პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს იმ გეგმის ნაწილია, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წლის ბოლოს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი ყოველდღიურ წყალმომარაგებაზე გადავა.




სიახლეები