ურეკს თანამედროვე სტანდარტების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემა ექნება


2018-04-29

წლის ბოლოს დაბა ურეკში ექსპლუატაციაში პირველად შევა წყალარინების გამწმენდი ნაგებობა, სადაც ჩამდინარე წყლების წმენდა სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით მოხდება. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს ეკოლოგიური დაბინძურების საფრთხეს და ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივების, ისე დამსვენებლების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას.

მშენებლობის მიმდინარეობის ტემპებს ურეკში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი,   გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიორგი კობერიძე და გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე გაეცნენ.

საკურორტო ზონაში წყალმომარაგებისა და წყალარინების ცენტრალიზებული სისტემა არ არსებობდა. პროექტის განხორციელება საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ 2014 წელს დაიწყო. მშენებლობის პროცესში გამოვლენილი სირთულეების გამო პროექტში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა და ის წლის ბოლოს დასრულდება.

,,დაბა ურეკს არასდროს ჰქონია ცენტარლიზებული წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემა. მასშტაბური პროექტი ხორციელდება, რომლის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდება ეკოლოგიური დაბინძურება და მოხდება მოსახლეობისთვის წყლის შეუზღუდავი მიწოდება. ურეკსა და მიმდებარე ზოლში ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ტურისტი ჩადის და მათთვის კომფორტული პირობების შექმნა აუცილებელია“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ურეკის წყალმომარაგება-წყალარინების სისტემის და გამწმენდი ნაგებობის სამშენებლო სამუშაოს საერთო ღირებულება 78 მლნ ლარზე მეტია, პროექტებს აზიის განვითარების ბანკი (ADB  ) აფინანსებს.




სიახლეები