საქართველოს 14 ქალაქსა და სოფელში მასშტაბური სამუშაოები იწყება


2012-03-09

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს შორის ახალი ხელშეკრულება გაფორმდა.
სამინისტროსა და კონტრაქტორ კომპანიებს შორის ახალი ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში 14 ქალაქსა და სოფელში წყალმომარაგების გაუჯობესება იგეგმება.
ხელმოწერის ცერემონია სასტუმრო “ჰოლიდეი ინ”-ში გაიმართა. ღონისძიება საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტუქტურის მინისტრმა, რამაზ ნიკოლაიშვილმა გახსნა. კონტრაქტებზე ხელმოწერის ცერემონიალს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი, ლევან ჭიჭინაძე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ირაკლი კვაშილავა, სამხარეო რწმუნებულები, მუნიციპალიტეტების გამგებლები და ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლები დაესწრნენ.
პროექტის ფარგლებში წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება, ოზურგეთში, ლანჩხუთში, ტყიბულში, ზესტაფონში, ლენტეხში, მარტვილში, ცაგერში, ვანში, წყალტუბოში, წალენჯიხაში, სურამში, სართიჭალაში, ომალოში და ლაგოდეხში. სამუშაოებზე სულ 5 000 ადამიანი დასაქმდება. პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტურქტურის სამინისტროს იმ გეგმის ნაწილია, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წლის ბოლოს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი ყოველდღიურ წყალმომარაგებაზე გადავა.
პროექტის ფარგლებში აღნიშნულ ქალაქებში გამოიცვლება წყალმომარაგების მილები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ რეზერვუარებს და წყლის სათავე ნაგებობებს. სამუშაოებს ქართული კომპანიები "ბელდინვესტი", "მშენებელი 80", "ცეკური", "არქეოპოლისი", "ინსი", "სერივისი", "სანი", "სპეცჰიდრომშენი" და "წყალკანალმშენი" განახორციელებენ.

 




სიახლეები