პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ილიას ტბა სადღესასწაულოდ გახსნა


2011-11-17

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ყვარელში ილიას ტბა მოინახულა და სადღესასწაულოდ გახსნა ტბის  მიმდებარე ტერიტორიაზე ახლად აშენებული თანამდროვე ტურისტული ინფრასტრუქტურა.

პრეზიდენტი თავის სიტყვაში კახეთის წყალმომარაგების საკითხებსაც შეეხო და აღნიშნა: „ვმუშაობთ იმაზე, რომ წყალგაყვანილობის სისტემა იყოს გამართული. იცით, რომ კახეთის ბევრ რეგიონში, მათ შორის, თელავში მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. მოგეხსენებათ, წყალი ყოველთვის დიდი პრობლემა იყო კახეთისთვის “.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ილიას ტბაზე ოქტომბრის თვეში დაასრულა წყალმომარაგების და წყალარინების სამუშაოები. ყვარელში მდებარე ახალი ტბის ინფრასტრუქტურული სამუშაოების პარალელურად დამონტაჟდა   4306 მეტრი სიგრძის წყალსადენის და 2131 მეტრი სიგრძის  წყალარინების ქსელი, მოეწყო ორი ჭაბურღილი და მეტალის მასშტაბური რეზერვუარები. ილიას ტბაზე მიმდინარე წყალმომარაგებისა და წყალარინების სამშენებლო სამუშაოებისას ორმოცდაათამდე ადგილობრივი მუშა–ხელი დასაქმდა.   სამუშაოები სექტემბრის პირველ რიცხვებში დაიწყო და ორმოცდახუთი დღის ვადაში დასრულდა. შესრულებული სამუშაოების მთლიანმა ღირებულებამ 1 მლნ. ლარი შეადგინა.

 პრეზიდენტის გადაწყვეტილებით აღნიშნული ტბის ტერიტორიაზე   სპორტული მოედნები, სასტუმროები, რესტორნები და გასართობი ატრაქციონების მშენებლობა მიმდინარეობს, სადაც ნებისმიერი მსურველი შეძლებს მისვლას და დასვენებას. 




სიახლეები