საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ათი ქალაქისთვის ახალი პროექტი შეიმუშავა
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ შეიმუშავა წყალტუბოს, ვანის, ცაგერის, მარტვილის, წალენჯიხის, ლენტეხის, სურამის, ოზურგეთის, ზესტაფონის, ტყიბულის და ბაღდათის წყალმომარაგების სისტემების სარეაბილიტაციო პროექტები. აღნიშნულ ქალაქებში ლოკალური პრობლემების აღმოფხვრა მუდმივად ხდებოდა, თუმცა ამ პროექტების საშუალებით მოხდება სისტემების მასშტაბური რეაბილიტაცია, რაც მკვეთრად გააუმჯობესებს წყალმომარაგების პირობებს.
აღნიშნული ქალაქების პროექტებიდან უმრავლესზე მუნიციპალურმა განვითარების ფონდმა ტენდერი უკვე გამოაცხადა. ტენდერის პირობები მოიცავს: ცენტრალური გამწმენდი ნაგებობების რეაბილიტაციას, სატუმბი სადგურების სარემონტო სამუშაოებს, საქლორატოროების კაპიტალურ შეკეთებას, წყალსადენის ქსელების რეაბილიტაციას, სადაწნეო მილსადენისა და სარეგულაციო რეზერვუარების მშენებლობებს.
ტენდერის პირობების თანახმად სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ახლო მომავალში დაიწყება და 2012–2013 წლებში დასრულდება.