საირმეში ექსპლუატაციაში ახალი სათავე ნაგებობა შევიდა
კურორტ საირმეში ექსპლუატაციაში წყალმომარაგების ახალი სათავე ნაგებობა შევიდა. ახალაშენებულ სათავე ნაგებობაზე უახლესი ტიპის, ამერიკული წარმოების გამწმენდი–საფილტრი აპარატურა დამონტაჟდა, რომელიც ავტომატურ რეჟიმში უზრუნველყოფს ზედაპირული წყლების ქლორირებას, რეზერვუარის შევსებასა და სასმელი წყლის ანალიზს. პარალელურად, რეაბილიტაცია წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემებსაც ჩაუტარდა. მოეწყო 2500 მეტრი სიგრძის წყალმომარაგების და 1500 მეტრი სიგრძის წყალარინების ქსელები.
აქამდე კურორტ საირმეს არ ქონდა სათავე ნაგებობა, რის გამოც არ ხდებოდა მოპოვებული ზედაპირული წყლების გაფილტვრა. ხშირი იყო შემთხვევები, როცა უხვნალექიანობის დროს სასმელი წყალი იმღვრეოდა და გადადუღების გარეშე მისი მოხმარება შეუძლებელი იყო. ამას ემატებოდა ამორტიზებული წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემებიც, რაც დაბინძურების რისკს მნიშვნელოვნად ზრდიდა.
აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოები მაისში დაიწყო და ოქტომბრის შუარიცხვებში დასრულდა. შედეგად საირმის მკვიდრნი და დამსვენებლები უსაფრთხო სასმელ წყალს 24 საათიან რეჟიმში მიიღებენ.