წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მარნეულში
მარნეულის მოსახლეობა სუფთა და ხარისხიან წყალს გაუმჯობესებული გრაფიკით მიიღებს. დღეს, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ირაკლი კვაშილავამ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რამაზ ნიკოლაიშვილმა და პრეზიდენტის რწმუნებულმა ქვემო ქართლის რეგიონში, დავით კირკიტაძემ, მარნეულის წყალმომარაგების სისტემაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს, მოსახლეობას შეხვდნენ, მათ პრობლემებს გაეცნენ და ადგილობრივებს სირთულეების მოგავრებაში მხარდაჭერას დაპირდნენ.
წყალმომარაგების საკითხი მარნეულში წლების მანძილზე გადაუჭრელი პრობლემა იყო. სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე მარნეულის 35 ათასი მოსახლე წყალს, კვირაში 2-3 დღის მანძილზე, 4 საათიანი გრაფიკით იღებდა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მარნეულის წყალმომარაგების სისტემის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტი ითვლისწინებს წყლის ძველი სატუმბი სადგურის რეაბილიტაციას და ახლის მშენებლობას, სადრენაჟე სისტემის მოწყობას, წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციას და რეზერვუარის მშენებლობას. ასევე, წყალმომარაგების ქსელის მოწყობას. ამჟამად რუსთაველის ქუჩის დაქსელვითი სამუშაოები და წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მარნეულის მოსახლეობა სუფთა და ხარისხიან წყალს ყოველდღიურად 5 საათიანი გრაფიკით მიიღებს. პროექტზე 100-მდე ადამიანი დასაქმდა, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა.