წყალმომარაგების კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ჟურნალის ,,Fortune“ ანგარიშში აისახება


2017-09-18

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიორგი კობერიძე უცხოური მედიის (One World Media და Shaula International) წარმომადგენლებს შეხვდა.

საუბარი შეეხო წყალმომარაგებისა და წყალარინების სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ასევე, ამ მიმართულებით ტურისტულ ზონებში განხორციელებულ სამუშაოებს, ურთიერთობებს საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან.

One World Media-ს მიერ   Shaula International-ის დახმარებით, ბიზნეს-ჟურნალისთვის ,,Fortune“  მზადდება ანგარიში სახელწოდებით: ,,საქართველო რეფორმებისა და ინვესტიციების მოზიდვის პროცესში“. ანგარიში მკითხველს  საქართველოს  საინვესტიციო შესაძლებლობებს გააცნობს და ხელს შეუწყობს პოტენციური  ინვესტორების მოზიდვას.  ამ მიზნით, უცხოელი ექსპერტები საქართველოს მთავრობისა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ, ყველა ინტერვიუ და ინფორმაცია ერთ პუბლიკაციაში მოიყრის თავს.

ანგარიშის მიზანია ცნობიერების ამაღლება  საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ასევე,  ქვეყნის ბიზნეს და საინვესტიციო შესაძლებლობებზე.

1929 წლიდან ,,Fortune” პირველი  ბიზნეს-ჟურნალია, რომელიც ვრცელდება აშშ-სა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.  ის წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას, კომუნიკაციის დასამყარებლად მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ლიდერებთან პოლიტიკის,  ბიზნესისა და მედიის სფეროში.




სიახლეები